logo
ENG



იონათამიშვილი: ევროპული საქართველოს წევრები მალე პოლიტიკიდანაც გაიქცევიან

22 სექ 202015:12
3 წუთის საკითხავი
 
trp8yn35m7fb1at.png

ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ თავში უნდა ეძებონ მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებენ მმართველ გუნდთან ერთად მუშაობას ვერც ერთ ფორმატში.

იონათამიშვილმა ევროპული საქართველოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, პარტიამ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები ხან საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ, ხან სასესიო სხდომებს და სხდომათა დარბაზიდან გარბიან. ახლა განაცხადეს, რომ უწყებათაშორის კომისიასაც ტოვებენ. ვფიქრობ, მათთვის უკეთესი იქნება, რომ ამის მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ, იქნებ თვითონ ვერ ართმევენ თავს ვერც ერთ ფორმატში და ვერც ერთ დონეზე იმ ვალდებულებებს, რომელიც გააჩნიათ და ეს არის იმის მიზეზი, რომ ყველა სივრციდან გარბიან, სადაც კი შეიძლება მათ ან ნებისმიერმა გაერთიანებამ საკუთარი წვლილი შეიტანოს. როგორც ჩანს, ეს დინამიკა გაგრძელდება და მალე ისინი საერთოდ პოლიტიკიდანაც გაიქცევიან", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ევროპული საქართველოს შემდეგ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში, ვინაიდან ის არ პასუხობს მიზნებს, რისთვისაც შეიქმნა.


close დახურვა