logo
ENG



იორდანია ღაზის სექტორში სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთულ თვითმფრინავს აგზავნის

12 ოქტ 202316:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/12/824efpg6uf2uejs.jpeg

თვითმფრინავი, რომელიც მედიკამენტებსა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას ატარებდა იორდანიიდან ღაზის სექტორისაკენ დღეს გაფრინდა. ინფორმაციას იორდანიის ჰაშიმიტური სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაცია ადასტურებს.

იორდანიის ხელისუფლების გენერალური მდივნის, ჰუსეინ ალ-შიბლის განცხადებით, დახმარება განკუთვნილია ჯანდაცვის იმ სააგენტოებისთვის, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

ცნობილია, რომ დახმარება ჯერ ეგვიპტეში ჩავა, შემდეგ კი ღაზის სამედიცინო დაწესებულებებს, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაეცემა.

რაფაჰის ხაზი ერთადერთი სასაზღვრო პუნქტია, რომელიც ღაზის სექტორს ეგვიპტისაგან გამოყოფს. სამშაბათს, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა ღაზაში განაცხადეს, რომ ხაზი დაკეტილი იყო ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო. ამ ეტაპზე გახსნილია თუ არა რაფაჰის გადასასვლელი, გაურკვეველია.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.


close დახურვა