logo
ENG



იოსელიანი: ყველაზე სერიოზული დაზიანებები ვიზუალურად, რაც მე ვნახე, ჯაფარიძეს აღენიშნება

08 მარ 202317:37
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ერთ-ერთ იზოლატორში დაკავებული 25-ვე ადამიანი მოინახულა და ყველაზე სერიოზული დაზიანებები ვიზუალურად გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება. დაკავებულია 25 ადამიანი, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი და მოვუსმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მოხდა მათი დაკავება. რამდენიმე მათგანს აღენიშნება დაზიანებები გარეგნული.

ამავე დროს, მოვინახულე, რა თქმა უნდა, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აქ იმყოფება, მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი [...] დაზიანებები ყველაზე სერიოზული, რაც მე ვნახე, ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება", - განაცხადა იოსელიანმა.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".


close დახურვა