სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლებას "არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით", თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ "აბსოლუტურად მიუღებელია" ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში ხდებოდა.
სახალხო დამცველის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. [...] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში", - განაცხადა იოსელიანმა.
ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
11 იანვარს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, "აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა".