სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო უწყებებს, აღკვეთონ ქალაქში გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებზე ძალადობა.
ტვ პირველის ეთერში ის გამოეხმაურა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ეს ვითარება თუ არ შეიცვალა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა.
იოსელიანის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი და შესაბამისად, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის დროს პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ.
"შოკირებული ვარ იმით, რაც ჩვენ ვიხილეთ, წარმოუდგენელია, რომ თბილისის ქუჩებში შავებში ჩაცმული ადამიანები დათარეშობენ და თავს ესხმიან ადამიანებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, აღკვეთონ ეს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ და ყველა პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მისცენ პასუხისგებაში. ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს არ შეჩერდა. ამაზე მეტი რა უნდა ვნახოთ, როდესაც არაფორმალური ჩაცმული ადამიანები თავს ესხმიან მოქალაქეებს და ამაზე შესაბამის რეაგირებას ვერ ვხედავთ.
ადამიანის ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია სახელმწიფო და ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება.
ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით"- თქვა იოსელიანმა.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს ტიტუშკები თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ჩიხლაძის თქმით, ამ ყველაფერს პატრული ხედავდა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.