logo
ENG



იოსელიანი რურუაზე: 5-დან 4 კაცი არის გარეთ, ეს არის ძალიან დიდი შედეგი

29 იან 202116:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/29/bfzg7psi03wcb6f.jpg

მოქალაქეების ლიდერი ლევან იოსელიანი ხელისუფლებასთან დადებული შეთანხმების და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მას და პარტიის ლიდერს, ალეკო ელისაშვილს არცერთი პოლიტპატიმრის საკითხი ცალკე არ გამოუყვია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიასთან დაწყებული მოლაპარაკებების და გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტორების მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული გიორგი რურუა საპატიმროში რჩება. 

"ჩვენ პრინციპულად ვაყენებდით ყველა შეხვედრაზე ყველა პოლიტპატიმრის საკითხს. არავინ გამოგვიყვია", - ამბობს იოსელიანი, - "რაც შეეხება გიორგი რურუას, ჩვენ ამ საკითხს არ შევეშვებით და დავაყენებთ ყველგან, სადაც ვიქნებით. ნურავინ ჩათვლის, რომ ეს საკითხი, რაიმენაირად, დღის წესრიგიდან არის მოხსნილი". 

მოქალაქეების ლიდერებმა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული და სინდისის პატიმრებად შეფასებული ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებიდან მეორე დღეს გადაწყვიტეს. მათ გადაწყვეტილებას ასევე წინ უძღვოდა ისნის N5 საარჩევნო კომისიის საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. 

თავად პარტიის ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ ამ ოთხი ადამიანის საპატიმროდან გამოხსნა სწორედ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი იყო, თუმცა ამ დრომდე ღია რჩება გიორგი რურუას საკითხი, რომელზეც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი საპატიმროში დარჩენა არა ხელისუფლების, არამედ უმეტესწილად ოპოზიციის ბრალი იყო.

რურუას გათავისუფლებას ოპოზიციის და საერთაშორისო აქტორების ცნობით ჯერ კიდევ 2020 წელს დადებული ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, თუმცა ხელისუფლებამ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლების შემდეგ, რურუა საპატიმროში დატოვა. 

თავად მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ ოპოზიციას მოუწოდა, რურუას გათავისუფლების სურვილის შემთხვევაში, დაბრუნებოდა მოლაპარაკებების მაგიდას, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე რაუნდის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებას უკვე რამდენჯერმე მოუწოდა პროცესის აღდგენისკენ და მასში მონაწილეობის მზაობა საჯაროდ გამოთქვა. 

"თუ ვინმეს ადარდებს ის ერთი ადამიანი, ვინც დარჩა იმ ხუთი გვარიდან, მაშინ სხვებიც მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე", - განაცხადა ელისაშვილმა, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლებასთან ხელმოწერილი შეთანხმება რურუას გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.  

თავად ლევან იოსელიანმაც განაცხადა, რომ მათი მოლაპარაკების შედეგად, 5 პოლიტპატიმრიდან მხოლოდ 4 გათავისუფლდა, თუმცა არცერთი მათგანის მიმართ ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი არ არის. 

"ჩვენ, ორმა კაცმა, მოლაპარაკებებით მივაღწიეთ, რომ 5-დან 4 კაცი არის გარეთ. ეს არის ძალიან დიდი შედეგი, ჩემი აზრით", - ამბობს იოსელიანი. 

იოსელიანმა ასევე თქვა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი საერთოდ არ მოისურვეს. 

"გიორგი რურუასა და სხვა პატიმრებზე ძალ-ღონე არ დაგვიკლია, მაგრამ დღეს, საერთოდ, ამის შესახებ ლაპარაკზე თქვეს უარი", - განაცხადა იოსელიანმა. 

 

 


close დახურვა