logo
ENG



იოსელიანი ხაბეიშვილზე: შევქმნით დოკუმენტაციას, გადავუგზავნით საგამოძიებო სამსახურს

01 მაი 202404:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/2s1pv9v3vp3tv2w.jpg

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული და პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში მოინახულა.

იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი შექმნის შესაბამის დოკუმენტაციას, გადაუგზავნის საგამოძიებო სამსახურს და მოახდენს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება გამოძიება.

ასევე, იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა სოფო ჯაფარიძეც, რომელსაც, ომბუდსმენის თქმით, "არ აღენიშნება გარეგნულად პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების ადგილი".

"მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე. ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება გარეგნულად დაზიანებები და კონკრეტულ, ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ისიც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი, თუმცა გარეგნულად მას ეს არ აღენიშნებოდა, ამბობს, რომ დაბეჟილობა აქვს.

ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ და ა.შ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და რა თქმა უნდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება", - თქვა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა გაიმეორა, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მისი თქმით, პოლიციამ ძალის გამოყენება იმ დროს დაიწყო, როდესაც ამის საჭიროება არ იყო.  

"მთავარი არის ერთი რამ, რომ არ შეიძლება ძალადობით იმოქმედოს პოლიციამ იმ პირობებში, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. ძალა უნდა გამოიყენო მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. როდესაც დაიწყო პოლიციამ ძალის გამოყენება, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად, ეს პროპორცია არ იყო დაცული", - ამბობს იოსელიანი. 


close დახურვა