logo
ENG



ირაკლი აბესაძე: შოთაძის დაბრუნება ივანიშვილის ხელისუფლებას დაამთავრებს

18 იან 202017:23
3 წუთის საკითხავი
 
t41le3sc6d36g13.jpg

პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წამოყენებას პოლიტიკურ ფარსს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტების შეფასებით, შოთაძის მეორედ მოსვლა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ საკადრო კრიზისზე მიუთითებს. მათივე თქმით, ერთხელ უკვე გადამდგარი გენერალური პროკურორის ხელახლა დამტკიცება ხელისუფლებას ერთი მიზნით სურს - საგამოძიებო უწყებამ პირნათლად შეასრულოს პოლიტიკური დავალებები.

„ირაკლი შოთაძის დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ ის უკვე არის აპრობირებული, როგორც მორჩილი, გასვრილი ბევრ საქმეებში და ივანიშვილის მიერ დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებელი. ძალიან ბევრი დანაშაული იყო იმ დროს ჩადენილი და გამოუძიებელი, პირდაპირ ხელს აფარებდა პროკურატურა. აფგან მუხთარლის და კიდევ ერთ-ორი საქმე არის საკმარისი, რომ განვიხილოთ ეს ადამიანები, როგორც დანაშაულებრივი არაფორმალური დავალებების შემსრულებლები,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, გენპროკურორის შესარჩევი პროცესი არის სრული ფიქტიურობა. მისივე განცხადებით, პროკურატურა კანონის ფარგლებში მაშინ დაუბრუნდება საქმიანობას, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს ფსონი აქვს გაკეთებული უკვე გამოცდილ მის პირად მსახურ შოთაძეზე. ამის შემდეგ ნებისმიერი პროცედურა, რომელიც საპროკურორო საბჭომ უნდა ჩაატაროს, ან შემდგომ პარლამენტმა ვითომ იმსჯელოს და ჩვენმა კოლეგებმა ვითომ შეაფასონ წარმოდგენილი კანდიდატურები, არის სრული ფიქცია, სრული ფიქტიურობა, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად,  კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად. მძიმე კრიზისი, რასაც შოთაძის დაბრუნება გვიჩვენებს, დაამთავრებს კიდეც ივანიშვილის ხელისუფლებას, ასე რომ, დღეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა მთავარი პროკურორი. პროკურატურა კანონის ფარგლებში მაშინ დაუბრუნდება საქმიანობას, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


close დახურვა