პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს კანცელარიაში ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უდასტურებენ.
შეხვედრა 17:00 საათზეა დაიწყება და ცნობილია, რომ იგი რამდენიმე დღის წინ ჩაინიშნა და მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იქნება.
დღეს დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანცელარიაში ბიზნესის წარმომადგენლებს მოსთხოვენ მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს.
ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს ასევე მოსთხოვენ, აიძულონ თავიანთი ოჯახის წევრები აღარ იარონ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "პრობლემები შეექმნებათ."
"ახლა რაც შეეხება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს - დღეს ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის კანცელარიაში ბიზნესმენები ჰყავთ დაბარებულები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რუსული კანონი დაიცვან და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ.
ასევე, დღეს აპირებენ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ აიძულონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხადია, დადიან არა რუსული კანონის აქციაზე, მიტინგებზე აღარ წავიდნენ", - თქვა ენმ-ის ლიდერმა.