logo
ENG



ირაკლი ქარსელაძე: ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს

26 აპრ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 
ირაკლი ქარსელაძე: ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს
საქართველოს მთავრობა

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ უწყებას ქამარი შემოჭერილი აქვს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ საიდან გამოთავისუფლდა 63 მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისთვის 500 მლნ ლარი ქვეყნისთვის კრიზისულ პერიოდში. 

"ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს. მაგრამ, საუბარია იმაზე, რომ სამინისტროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმას, რაც იქნა დაფინანსებული, ამიტომ თავისუფალ სახსრებზე საუბარი უსაფუძვლოა. საუბარია იმაზე, რომ მოხდა პრიორიტეტების გადალაგება სწორედ ამ კაპიტალური, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, აღნიშნული პროგრამა ახლა დაგვეწყო და ეს დიდი შესაძლებლობა გაგვეჩინა მუნიციპალიტეტებისთვის და რეგიონებისთვის". - თქვა ირაკლი ქარსელაძემ. 

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა "ქვეყნის განახლების პროექტი" დააანონსა

პროექტი "63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას" გულისხმობს.

ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება, შესაბამისი ტენდერები კი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. 


close დახურვა