ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ელაპარაკა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით შედგა.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.
***
13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.
ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.
სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, "შეიკავონ ვითარების სამომავლო ესკალაციისგან, გამოავლინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს გაკეთებული სამმხრივი განცხადებების საფუძველზე".
რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო.
აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ის ცნობით, 9 საათზე მიღწეული შეთანხმება სომხეთის მხრიდან 09:15-ზე ისევ დაირღვა, თუმცა, ამ დროისთვის ის კვლავ აღდგენილია.