logo
ENG



ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში საკმარისზე მეტი სასურსათო მარაგი გვაქვს

18 მარ 202015:56
3 წუთის საკითხავი
 
tpe8qgutl6a1o3j.png

„სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციის გამართულ ბრიფინგზე, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, უამინდობამ და გზებზე არსებულმა ვითარებამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს, თუმცა ამ მიმართულებით გართულებები მოსალოდნელი არ არის.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრემიერ-მინისტრს მოახსენა ინფორმაცია მარაგებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგი. ეს მარაგი ივსება, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ გარკვეული შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს საზღვარზე, მაგრამ ეს არ არის არსებითი, ერთ-ორ დღეში ამოიწურება პრობლემა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან და ვახდენთ სრულ ორგანიზებას მთლიანი ბიზნესპროცესის. აქ დიდ გამოწვევებს არ ველოდებით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, პრემიერმა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს ბიზნესთან კოსულტაციები, რათა ძირითად პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.

„დამატებით, პრემიერ-მინისტრისგან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე, იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ აისახოს მოქალაქეებზე, შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისთვის ნაკლებად ცვალებადი იყოს ფასები ამ პროდუქტებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ცნობისთვის, დილიდან მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გამო შექმნილი უწყებათაშორისი კომისია შეხვედრებს მართავს. კომისია უკვე შეხვდა ჯანდაცვისა და ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. დღესვე, კომისიის კიდევ ერთი შეხვედრა სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით შედგება. 


close დახურვა