logo
ENG



ირანი უკრაინას: თავი დაიცავით მესამე მხარის გავლენისგან - ჩვენი ურთიერთობის განადგურება სურთ

24 სექ 202218:59
3 წუთის საკითხავი
 
Valentyn Ogirenko / REUTERS

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანი იმედგაცრუებულია უკრაინის გადაწყვეტილებით, გააუარესოს ურთიერთობები ირანთან და უკრაინას მოუწოდა, "თავი დაიცვას მესამე მხარეების გავლენებისგან".

სამინისტროს თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება, რომელიც კიევმა რუსეთისთვის ირანული წარმოების დრონების გადაცემის გამო მიიღო „დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობა და უცხოეთის მხრიდან წამოწყებული მედიის მღელვარების შედეგია“.

სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა უკრაინას მოუწოდა, „თავი დაიცვას მესამე მხარის გავლენებისგან, რომლებიც 2 ქვეყანას [უკრაინასა და ირანს] შორის ურთიერთობების განადგურებას ცდილობენ“.

ქანაანის თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება „დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობა და უცხოეთის მხრიდან შექმნილი მედიის მღელვარების შედეგია“.

23 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარისთვის ირანული წარმოების დრონების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე აისახებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირანის ქმედებებს "ბოროტებასთან თანამშრომლობა" უწოდა.

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებაზე პასუხია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანული იარაღის მიწოდება რუსეთისთვის ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ.

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის სიახლოვეს ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი -  Shahed-136.

დაზვერვის თქმით, Shahed-136 ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატია, რომლის ფრენის რადიუსიც 2 500 კმ-ია. ბრიტანეთის ცნობით, მსგავსი ტიპის, ირანის მიერ წარმოებულ სისტემებს სავარაუდოდ შუა აღმოსავლეთში თავდასხმებისთვისაც იყენებდნენ.

 

close დახურვა