ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადაიდო.
3-დღიანი ცერემონიალი დღეს უნდა დაწყებულიყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ჩანდა, თუ როგორ აორგანიზებდნენ მას.
თუმცა, მედია ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს, რომ ცერემონიალი გადადებული იქნება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება უზრუნველყოფილი.
დაკრძალვის ცერემონიალის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
1-ელ მარტს დადასტურდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.
ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
დღეს Deutsche Welle-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.
ირანის რეჟიმს და სახელმწიფო მედიას ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
