logo
ENG



ირანში ქალებმა თავსაბურავები დაწვეს - ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

21 სექ 202215:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/05x8mgd6ind98j4.jpg
Twitter

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ 20 სექტემბერს ღამით გამართული პროტესტისას ქალაქ სარიში ქალებმა თავსაბურავები დაწვეს.

ირანში მე-5 დღეა, ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ ღამით აქციები ერთდროულად 15 ქალაქში მიმდინარეობდა.

პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აქტივისტების ცნობით, 20 სექტემბერს პროტესტისას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ურმიასა და პირანშეჰრში 2 აქტივისტი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დაიღუპა ქალაქ შირაზში.

საერთო ჯამში, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ირანში ჰიჯაბის კანონების შესახებ საპროტესტო აქციები დაიწყო.

მაჰსა ამინის მკვლელობა

მაჰსა ამინი

ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ მაჰსა ამინი ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ქალებისადმი გამოცხადებული ომის მორიგი მსხვერპლია.

ცენტრის ცნობით, ამინი ქალაქი საქეზიდან იყო და ის თეირანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როცა მორალის პოლიციამ 13 სექტემბერს ჰიჯაბის კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა  და ვოზარას იზოლატორში გადაიყვანა.

ცენტრის ცნობით, პოლიციამ ოჯახს უთხრა, რომ ის "ხელახალი განათლების" მიზნით მიჰყავდათ და იზოლატორიდან ღამით გამოუშვებდნენ.

15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამინი კომაში იმყოფებოდა. 22 წლის მაჰსა ამინი 16 სექტემბერს საავადმყოფოში, 3-დღიანი კომის შემდეგ დაიღუპა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ნადა ალ-ნაშიფის ცნობით, პოლიციელებმა იზოლატორში ამინი ხელკეტებით სცემეს და თავი მანქანაზე არტყმევინეს.

პოლიციამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ქალს "მოულოდნელი გულის შეტევა ჰქონდა".

ამინის ბიძა აცხადებს, რომ 22 წლის ქალი ჯანმრთელი იყო და გულთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა. მისი თქმით, ქალის დაღუპვის მიზეზი ნათელია.

„ამ შემთხვევის მიზეზი დღესავით ნათელია. რა ხდება მაშინ როცა ისინი გოგოებს ხელს მოკიდებენ და მანქანაში ჩატენიან, ასეთი სიველურითა და ტერორით? ამის უფლება აქვთ? მათ არაფერი იციან არც ისლამზე, არც ადამიანობაზე“ - აცხადებს დაღუპულის ბიძა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მასჰა ამინის ოჯახს 19 სექტემბერს ესტუმრა და უთხრა, რომ „ყველა უწყება იმოქმედებს, რათა დაიცვან ის უფლებები რაც დაირღვა“.

 

ჰიჯაბის კანონები

1979 წელი, თეირანი - ათასობით ირანელი ქალი ჰიჯაბის კანონების მიღებას აპროტესტებს.

კანონი, რის დარღვევაშიც მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დაადანაშაულა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს. მოსახლეობის მხრიდან პროტესტისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის მიუხედავად ირანის ხელისუფლებამ ქალებს ჩაცმის სავალდებულო კანონები დაუწესა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, საჯარო სივრცეებში გააჩერონ ქალები და შეაფასონ მათი ჩაცმულობა: უჩანთ თუ არა ზედმეტი თმა, არის თუ არა შარვალი და ზედატანი ზედმეტად მოკლე ან ტანზე მომდგარი და ხომ არ უსვიათ ზედმეტი მაკიაჟი.

ირანის კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

2014 წელს ირანელმა ქალებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს კამპანია ჩემი ჩუმი თავისუფლება რომლის ფარგლებშიც აზიარებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც საჯაროდ არღვევდნენ ჰიჯაბის კანონებს. მას შემდეგ ირანში გაჩნდა ამ შინაარსის სხვა მოძრაობებიც, მათ შორის თეთრი ოთხშაბათი და ამბოხის ქუჩის გოგოები.

 

საპროტესტო ტალღა


19 სექტემბერი, 2022 წელი - თეირანი.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო. 

გაეროს კომისრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მორალის პოლიციამ ქუჩებში პატრულირება გაახშირა, იმ მიზნით, რომ დააკავოს ქალები, ვინც ჰიჯაბის კანონებს არღვევენ. მისი თქმით, გაერომ მიიღო „უამრავი და დადასტურებული ვიდეო, სადაც ქალებისადმი ძალადობრივი მოპყრობა ჩანს“.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ იმ ქალების მიზანში ამოღება, ძალადობა და დაკავება, ვინც არ ემორჩილება ჰიჯაბის კანონებს“ - განაცხადა გაეროს კომისარმა.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.

ნორვეგიული ორგანიზაცია Hengaw, რომელიც ირანის ძირითადად ქურთებით დასახლებულ რეგიონებში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება, აცხადებს, რომ 20 სექტემბერს ღამით პირანშეჰრსა და ურმიაში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აქტივისტებს, რის შედეგადაც 16 და 23 წლის კაცები დაიღუპნენ.

ორგანიზაციის ცნობით, მეზობელი ქურთისტანის პროვინციაში ირანის სამართალდამცველებმა 3 კაცი აქტივისტი მოკლეს.

სახელმწიფო მედია Irna-მ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ შირაზში აქტივისტებთან შეტაკებებისას დაშავდა პოლიციელი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამავე მედიის ცნობით, ირანში 20 სექტემბრის ღამით აქციები 15 ქალაქში მიმდინარეობდა, მათ შორის თეირანში, რაშტში, ქერმანსა და ისპაანში.

ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ პოლიციამ აქტივისტების დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და "დააკავა რამდენიმე ადამიანი, ვინც ქუჩები გადაკეტა და პოლიციის მანქანებს ქვებს ესროდა და ცეცხლს უხსნიდა".

თეირანში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, რომ ქალები იხსნიან თავსაბურავებს და ყვირიან ფრაზებს: "სიკვდილი დიქტატორს" და "სამართლიანობა, თავისუფლება, არა სავალდებულო ჰიჯაბს".

ერთ-ერთი ქალი, რომელიც რაშტში 19 სექტემბერს გამართულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას BBC-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის პოლიციამ ხელკეტებითა და მილებით სცემა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.

„[პოლიცია] განუწყვეტლივ იყენებდა ცრემლსადენ გაზს. თვალები გვეწვოდა. გავრბოდით, მაგრამ მათ კუთხეში მომიმწყვდიეს და მცემეს. ისინი მე ბო*ს მეძახდნენ და ამბობდნენ, რომ ქუჩაში ჩემი სხეულის გასაყიდად ვიყავი გამოსული“ - აცხადებს ირანელი ქალი.

კიდევ ერთი ქალი აქტივისტი ისპაანიდან კი BBC-ს იმ ერთიანობაზე უყვება, რასაც საპროტესტო აქციებისას გრძნობს.

„მაშინ, როცა ჩვენ თავსაბურავებს ცაში ვაფრიალებდით მე ძალიან ემოციურად ვიგრძენი თავი, რომ სხვა კაცები გარს გვერტყნენ და გვიცავდნენ. ამგვარი ერთიანობის ხილვა შესანიშნავი შეგრძნებაა. იმედი მაქვს, მსოფლიო მხარს გვიჭერს“


19 სექტემბერი, 2022 წელი - თეირანი.


close დახურვა