logo
ENG



ირანში ხამენეის შემცვლელი საბჭო შეიქმნა, უზენაესი ლიდერი დროებით ალირეზა არაფი იქნება

01 მარ 202615:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/4hnwxhp96g6lf05.jpg

ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი დროებითი მმართველი საბჭოს წევრად და რელიგიურ ადგილმონაცვლედ აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა. 

ინფორმაციას Reuters ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს

სწორედ ამ ორგანოს - ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებელ დროებით მმართველ საბჭოს დაევალა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის როლის შესრულება იქამდე, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს არ აირჩევს.

ალირეზა არაფი გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილ დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად იმუშავებს.

1-ელ მარტს ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.

ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.

 

28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".

თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში.

თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა