logo
ENG



ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებულ შეტევებს 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

07 ოქტ 202323:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/ms0umg8avihzvvl.jpg

ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებულ შეტევებს 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ მცირე 1 450 მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზაროს.

გარდა ამისა, თავდაცვის თამინისტროს ცნობით, ჰამასის წევრებმა ათობით მოქალაქე, მათ შორის სამხედროები, გაიტაცეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. ტყვედ აყვანილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

***

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს". 

 

 


close დახურვა