logo
ENG



ისრაელის ელჩი: ბავშვებს მოაჭრეს თავები, ჰამასმა უდანაშაულო ადამიანები ამოწყვიტა

10 ოქტ 202321:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/7zj11j43cfirnjw.png

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადა მეიცადი ფორმულას გადაცემაში, ღამის კომენტარი ამბობს, რომ ჰამასის წევრებმა ღაზის სექტორთან ახლოს ბავშვებს თავები მოჰკვეთეს. ის ამას ბარბაროსულ აქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო მსგავს სისასტიკეს ბოლო წლების განმავლობაში არ გადასწყდომია.

"ღაზის სექტორთან ახლოს 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ, 1000-კაციანი კიბუცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი, ასეთ რამეს არ წავწყდომივართ უკანასკნელი წლების განმავლობაში", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორთან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს. მედია წერდა, რომ ნაპოვნია 40 ბავშვის ცხედარი, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ.

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა