logo
ENG



ისრაელის ელჩი: მივესალმები ზალკალიანის განცხადებას, რომელიც გმობს ანტისემიტიზმს​​

09 იან 202118:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/6fwx7ehzkzk2mlo.jpg

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი ანტისემიტიზმის დაგმობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას მიესალმება და Facebook-ზე წერს, რომ რასიზმის, ქსენოფობიისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

"მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის, ზალკალიანის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ხაზგასმით გმობს ანტისემიტიზმს და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ხალხს. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების მარგინალიზება მოვახდინოთ",-წერს ისრაელის ელჩი.

საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში".

ზალკალიანმა აღნიშნული ტვიტი მას შემდგე გამოაქვეყნა, რაც საქართველოში ისრაელის ელჩმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა თქვა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

ორშაბათს, 4 იანვარს, ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ "არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას. კარკაძემ თქვა, რომ იოანე გამრეკელი თავის მქადაგებაში ფაქტებს ყვებოდა. 

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა. 

ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის. 

 

 


close დახურვა