logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: დღეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 80 მანქანა შევა

31 ოქტ 202314:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/31/b09s8dvnjcpgnmi.jpg

დღეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 80 მანქანა შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 80 სატვირთო რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ღაზის ტერიტორიაზე წყალს, მედიკამენტებსა და საკვებს შეიტანს.

ბოლო ცნობებით, ისრაელმა ღაზაში 144 სატვირთო მანქანა შეუშვა. აქედან 50-ზე მეტი სატვირთო ღაზაში მხოლოდ კვირას და ორშაბათს შევიდა.

ღაზის სექტორში მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება პირველად 21 ოქტომბერს მიიღო - პირველად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა შევიდა. 23 ოქტომბერს კი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი კიდევ 14-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა. ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები ეგვიპტესთან სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ მიეწოდება.

ისრაელის პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ღაზაში უწყვეტი იქნება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

***

21 ოქტომბერს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.


close დახურვა