logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა

28 ოქტ 202313:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/hwtj1div4897vy7.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროები ჰამასის გასანადგურებლად და მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.

მისი თქმით, მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა.

"ჩვენ ვმოქმედებთ იმ მიზნების შესაბამისად, რომლებიც ჩვენ დავსახეთ. ეს მიზნებია: ჰამასის განადგურება, საზღვრების დაცვა და მძევლების სახლში დაბრუნება.

მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა და ჩვენი ყველა აქტივობა, როგორც ოპერატიული, ისე სადაზვერვო, ამ გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად", -  ამბობს ჰაგარი.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები. 

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა