logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში 212 ადამიანია მძევლად აყვანილი

22 ოქტ 202313:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/vu4o5ftopp3h37j.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, ღაზაში 212 ადამიანია მძევლად აყვანილი.

ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები დაკარგულების შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ იკვლევენ.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა