logo
ENG



ისრაელის მთავრობა სამოქალაქო ჯგუფებს იარაღით მოამარაგებს

10 ოქტ 202315:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/hoybywsz74r78xi.jpg

ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრის იტამარ ბენ გვირის განცხადებით, უწყება სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფებს 10 000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღით მოამარაგებს.

მისი თქმით, ამგვარი ჯგუფების ძირითადი დანიშნულება საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქების, ასევე ებრაულ-არაბული ქალაქებისა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებების დაცვაა.

მინისტრის თქმით, 4000 ერთეული იარაღი უკვე შეძენილია და "მიმდინარეობს მათი გაცემის პროცესი." გარდა ამისა, სამოქალაქო ჯგუფებს ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტებიც დაურიგდებათ.

„ჩვენ სამყაროს თავდაყირა ამოვატრიალებთ, რათა ქალაქები დაცული იყოს. მე გავეცი მითითებები სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების მასიურად შეიარაღების შესახებ“, - ამბობს ბენ გვირი.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა