ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. დაშავებულია 1 ადამიანი.
"ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ებრაული და არაბული მედიების ცნობით, ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა.
გამოცემა Walla News წერს, რომ ინფორმაცია ერთ მოკლულისა და ერთი დაჭრილის შესახებ მიიღეს. RT Arabic-ის ცნობით კი, წყარომ განუცხადა, რომ ცეცხლი პოლიციელმა გახსნა. BBC-ის ინფორმაციით, ის დაკავებულია.
***
გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.