ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კრიზისულ ვითარებაში ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უფრო მეტად პასუხისმგებლობის გამოჩენა მოეთხოვება.
როგორც იუკნევიჩიენე მთავარ არხთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება, "როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა".
მისივე შეფასებით, საქართველოში "სიტუაცია უარესდება და კრიზისი ღრმავდება, ხოლო ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზა პირველ რიგში არის მოლაპარაკებები".
"იმედი მაქვს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ხალხი არსებობს ორივე მხარეს, თუმცა გაცილებით, უფრო მეტად პასუხისმგებლობის გამოჩენა მოეთხოვება მმართველ პარტიას, როდესაც ასეთი კრიზისია - ეს ყველგან ასეა. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ამ კრიზისის მიზეზი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდება. ჩვენთვის ეს საკმაოდ უცნაურია. გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა. ეს ყველაფერი კრემლთან არის დაკავშირებული, რომლესაც ინტერესები და გავლენა აქვს საქართველოში. ასე რომ, აქ, ევროპარლამენტში საქართველოდან ცუდი ამბები მოგვდის და ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი", - განაცხადა მან.
იუკნევიჩიენე ამბობს, რომ ევროპარლამენტი "შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ".
"ვფიქრობთ, რომ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ხელში მეტი შესაძლებლობები გვექნებოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა საქართველო ძალიან ცუდ ნაბიჯებს დგამს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს მხარეებს შორის. რიგგარეშე არჩევნები კი ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უნდა იყოს, რადგან ამან, შესაძლოა, ყველაფერი საბოლოოდ მოაგვაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.
ახლა პარლამენტი ფუნქციური არ არის, რადგან ოპოზიცია არ მონაწილეობს მის მუშაობაში. ახლა ამას ახალი დაპატიმრებაც ემატება, რაც პოლიტიკურ ტემპერატურას ზრდის, ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ, მე რომ თქვენი მმართველი პარტიის წევრი ვიყო, რა თქმა უნდა, სწორედ ამას გავაკეთებდი", - ამბობს ევროპელი დეპუტატი მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერმა დაგმეს. პოლიციამ ნიკა მელიას დაკავება პარტიის ოფისში სცადა, თუმცა იქ მყოფმა ადამიანებმა ამის საშუალება მათ არ მისცეს. მეორე დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით ახსნა.