logo
ENG



იუკნევიჩიენე მიშელზე: კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს

08 მარ 202120:34
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა არის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. 

როგორც იუკნევიჩიენე ფორმულას ეთერში აცხადებს, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები საქართველოსგან ლიდერობას ელოდებიან.   

"ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ასეთი ძლიერი მესიჯები გაგზავნა. მოლაპარაკებების დასაწყებად კი წინადადებები წამოაყენა. საუბრის დასაწყებად 6 პუნქტი დაასახელა. კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, და არა მხოლოდ საქართველოსთვის - არამედ უკრაინელები, მოლდოველები, სხვა ქვეყნები ელიან ლიდერობას საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და მჯერა, რომ კვლავ შეუძლია იყოს ლიდერი ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის კუთხით. ამ ლიდერობის გარეშე სხვა ქვეყნებისთვის გართულდება მათი მიზნების მიღწევა. ასე რომ ქართველებს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ იმ ქვეყნების წინაშეც აქვთ, რომლებიც იგივე გზას ადგანან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.

თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია  პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. 

მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა. 

 

close დახურვა