იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 30 აპრილს გავა.
დღეს მიმდინარე განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.
დღესვე დაგეგმილია ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია, სადაც მმაართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსი ჰყავს მობილიზებული. ცნობილია, რომ აქციაზე სიტყვით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გამოვა.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაყინვას, ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვას ეხება.
26 აპრილს, აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც პრემიერს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.
27 აპრილს, ბუნდესტაგის წევრმა, ანიკო გლოგოვსკი-მერტენიმ განაცხადა, რომ ნონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და თუ მას მიიღებენ, პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.