15 იურისტი ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეში ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს.
იურისტების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოცნებამ გირგვლიანის საქმისთვის პასუხისგებაში მისცა მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.
თუმცა, იურისტების განცხადებითვე, დღემდე არ დამდგარა იმ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობა, ვინც გირგვლიანის საქმე გააყალბა, რაც იურისტების თქმით, ნიშნავს, რომ ოცნებამ "წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გადმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს."
იურისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი კვლავ გაცოცხლდა და მთავრობამ უნდა აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე: "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საქმეზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოები: გამოძიების ორგანოები, დევნის ორგანოები, პრეზიდენტი, სასჯელაღსრულებითი უწყება და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებდნენ რათა არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება და პასუხისმგებლობაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მეორეს მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გირგვლიანის საქმის ფაბრიკაცია და მართლმსაჯულების გაყალბება მოხდა სწორედ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების - გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების მიერ, თუმცა დღემდე არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული მეტყველებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გადმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს". - წერია განცხადებაში.
იურისტები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 27 ივლისს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლის) მიერ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გაამრუდეს მოსამართლეებმა მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე.
"ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ეს გაყალბება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით.". - წერია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას რომ დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მოხდა პირიქით - გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ.
"დღეს, როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას." - წერია იურისტების განცხადებაში.
განცხადებას ხელს 15 იურისტი - კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი კორძახია, ეკატერინე ციმაკურიძე, ბესიკ ლოლაძე,გიორგი ცობეხია, ირმა კაკიაშვილი, თამარ გეგელია, ირაკლი გაბრიჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი შავაძე, თამარ გეგელია, თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი აწერს.