logo
ENG



კადიროვი: სპეცოპერაცია დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადავიდა

14 სექ 202219:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/15kmp3w5jvf8uuw.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის რეგიონებმა მობილიზაცია უნდა გამოაცხადონ, რათა რუს სამხედროებს დაეხმარონ. როგორც კადიროვმა ტელეგრამში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, "სპეცოპერაცია დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადავიდა".

"რაც შეეხება სპეცოპერაციის მიმდინარეობას, ეს ყველაფერი დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადავიდა. თუ მკითხავთ, სამხედრო მდგომარეობას გამოვაცხადებდი და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი ამ ბოროტი სულების სწრაფად დასასრულებლად... თუ ვინმეს სურს, არ მოიცადოს, სანამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა მობილიზაციას გამოაცხადებს, ჩვენ ყველანი უნდა მოვბილიზდეთ, ყველა რეგიონმა ის ძალა და საშუალებები უნდა მიაწოდოს, რომლებიც აქვს", - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, ჩეჩნეთი მზადაა, რომ უკრაინაში დამატებით 9000 ადამიანი გაგზავნოს, რომლებსაც მან "მოხალისეები" უწოდა. კადიროვმა დაამატა, რომ ჩეჩნური დანაყოფები გააგრძელებენ უკრაინაში ბრძოლას მაშინაც კი, თუ რუსული "სპეცოპერაცია" დასრულდება.

"მათთან ომი არ დაგვიწყია იმისათვის, რომ გავუშვათ ან დავთმოთ. მოგებაში ვართ, თუ დავიღუპებით - სამოთხეში მოვხვდებით. მოვიგებთ - დედამიწის სამოთხეში ვიცხოვრებთ", - თქვა კადივროვმა.

ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ შეცდომები იყო დაშვებული.

აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყეს, რომლის ფარგლებში 6 000 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაიბრუნეს.

ლუჰანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ რეგიონში უკვე შექმნილია დეოკუპაციის შტაბი.


close დახურვა