ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკინა ჟურვალეს შეხვდა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურაველი კადიროვის შვილმა საპატიმროში ცემა, რისი ვიდეომასალაც თვითონ გაავრცელა.
16-წამიან ფრაგმენტში დაკავებული ამბობს, რომ ისლამის შესწავლა სურს, რის შემდეგაც ვითარდება შემდეგი დიალოგი:
კადიროვი: ისლამის შესწავლა?
ჟურაველი: დიახ, დიახ.
კადიროვი: გულიდან არ ამბობ მაგას. თვალების სადღაც სხვაგან იყურები.
თავის პოსტში კადიროვი ჟურაველს "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტს" უწოდებს. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ჟურაველი "მომზადებული იყო ასეთი დიალოგებისთვის და წინასწარ გამზადებულ ფრაზას იმეორებდა, რომ თანდათან ისლამის მიღებას უახლოვდება".
ნიკიტა ჟურაველი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებით 2023 წლის მაისში დააკავეს. გამომძიებლების თქმით, მან, "უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით", ვოლგოგრადის მეჩეთის წინ ყურანი დაწვა, რის შემდეგაც მან სპეცსამსახურებს თავისი მოქმედებების ვიდეოჩანაწერი გადასცა.
ჟურაველი 22 მაისს დააკავეს, ხუთი დღის შემდეგ კი გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
აგვისტოს შუა რიცხვებში ახალგაზრდამ განაცხადა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში კადიროვის შვილმა, 15 წლის ადამ კადიროვმა სცემა. სექტემბრის მეორე ნახევარში რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც ცემა დადასტურდა. კადიროვი აცხადებდა, რომ შვილის ძალადობით ამაყობს. მოგვიანებით ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა.