logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ნინიკო რობაქიძე ტოვებს

14 მაი 202414:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/973tf2zb1a4pm5e.jpg

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ნინიკო რობაქიძე ტოვებს და საუბრობს იმაზე, რომ უნივერსიტეტის მიერ დღეს დაფიქსირებული პოზიცია და ლექტორ სოსოს ბერიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მიუღებელია.

"კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან ვთანამშრომლობ, როგორც მოწვეული ლექტორი. უნივერსიტეტში ისეთ სტუდენტებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე მე ვასწავლე მათ. ვამაყობ მათთან ჩემი ურთიერთობით, მათი წარმატებით. ვამაყობ მათი აქტიური მოქალაქეობით და მიზანსწრაფულობით, რაც ამ დღეებშიც არაერთხელ გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში ვკითხულობდი რამდენიმე საგანს, თუმცა სისტემატურად ვკითხულობდი "გამოხატვის თავისუფლების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს".

დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დროს კავკასიის მედია სკოლის ორივე დეკანს ნდობისთვის, მხარდაჭერისა და იმ გარემოსთვის, რომელსაც მედიის სკოლაში სტუდენტებს და ლექტორებს უქმნიდნენ. ამ სიტუაციაში, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. თუმცა, ყოველთვის ვეცდები, ვიპოვო გზა და ჩემი გამოცდილება გავუზიარო სტუდენტებს და ადამიანებს, რომლებსაც ეს შეიძლება გამოადგეთ", - წერს რობაქიძე.

დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ. 

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. 

 
 
 

close დახურვა