logo
ENG



კალანდაძე: განაჩენი გაეგზავნება პრეზიდენტს, მოაწერს ხელს და ალბათ, 3 დღეში ლაზარეს ვნახავთ

15 აპრ 202409:50
3 წუთის საკითხავი
 

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ ლაზარე, სავარაუდოდ, სამ დღეში ციხეს დატოვებს.

"არ არის გამორიცხული, რომ წელავდნენ. იმიტომ, რომ ადვოკატებმა გვითხრეს, რომ ამის მოგვარება შაბათსაც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ არ განხორციელებულა ეს მანიპულაციები. იმიტომ, რომ უნდა გადაიგზავნოს განაჩენი ქალბატონ პრეზიდენტთან, მოაწერს ხელს და მერე ლაზარეს გამოუშვებენ.

როგორც ადვოკატმა მოგვახსენა, სამი სამუშაო დღის ფარგლებში განხორციელდება ეს ყველაფერი და ლაზარეს ვიხილავთ, ალბათ, თავისუფლებაზე სულ რამდენიმე დღეში", - ამბობს კალანდაძე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან 12 აპრილს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. 

ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.

12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.  

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა