logo
ENG



კალასი: რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს

30 სექ 202218:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/jijo3fl4lf7hsbc.jpg

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს აღიარებს, რომ უკრაინაში ომი ლეგიტიმურია.

"მოდით დავაკვირდეთ რუსეთის უკანონო ანექსიის მასშტაბებს. რუსეთის თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისი ზომა 108 800 კმ-ია, რაც დაახლოებით გერმანიის 30% ან კორეის რესპუბლიკის ზომაა, თუ მას ყირიმს დაუმატებთ, ეს გერმანიის დაახლოებით 40% გამოვა.

მოდით მოვლენებს სწორი სახელები დავარქვათ. რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს. ეს მიწის მიტაცებაა. ეს ქურდობაა. პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომს ლეგიტიმურს გახდის. საერთაშორისო საზოგადოება ამას არასოდეს აღიარებს," - თქვა ესტონეთის პრემიერმა.

კალასის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ომის მოგება შეუძლიათ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა ესტონეთის დახმარება ოსტატურად და მონდომებით გამოიყენეს. პრემიერის განცხადებით, ესტონეთმა უკრაინისადმი როგორც სამხედრო და ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა უნდა გაზარდოს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.


close დახურვა