თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ვადამდელი არჩევნების ინიციატივა ძალიან დიდი აბსურდია. დღეს, 5 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ თქვა, რომ "ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს".
კალაძის განცხადებით, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
"პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობა. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას აქვთ", - თქვა კალაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, რომ მათი სტრატეგიული გეგმაა, მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. ასევე, უწყვეტი ურთიერთობა მოქალაქეებთან და ინტენსიური კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან.