ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ სესხის საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირს აუცილებლად მიმართავენ. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, ამის აუცილებლობა ამ ეტაპზე არაა.
"ყველა ის მსხვილი პროექტი, რომელიც ხორციელდება, მაგალითად, ავტობუსების შესყიდვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ხდება. შესაბამისად, სახელმწიფომ დაიწყო ამ ვალების დაბრუნება. თუ იმის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, რომ ჩვენ გვინდა დამატებით 70 მილიონი სესხად ავიღოთ და კონკრეტული ადამიანები, ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ეს არის თითქოს დახმარება, საჩუქარი - ეს ასე არ არის. ეს არის სესხი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მომსახურება. თუ ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს", - თქვა კალაძემ.
ევროკავშირმა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის პარტნიორი ქვეყნებისთვის აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევრო გამოყო, მათგან 150 მილიონი ევრო საქართველოს ერგო. თანხის პირველი ნაწილი - 75 მილიონი ევრო 2020 წლის ნოემბერში გადმოირიცხა, მეორე ნაწილი კი 2021 წლის დეკემბერში უნდა მიგვეღო.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა შეესრულებინა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.