თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება. შესაბამისი განცხადება კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.