logo
ENG



კალაძე: ქართველებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის

04 ივლ 202318:15
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: ქართველებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე უკრაინის მიერ კონსულტაციებისთვის საქართველოს ელჩის დაბარებას "გულდასაწყვეტ გადაწყვეტილებას" უწოდებს. 

კალაძის თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ და "ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის ვერცერთი პოლიტიკოსი".

"ზოგადად, მეგობრობა რა თქმა უნდა როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა და გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას და ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის ვერცერთი პოლიტიკოსი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს", - განაცხადა კალაძემ.

უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს.

გუშინ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 


close დახურვა