logo
ENG



კალაძე: ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს

15 თებ 202320:49
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციებს "ჩალის ფასი აქვს". მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება "კატეგორიულად მიუღებელია". ამის შესახებ კალაძემ TV პირველთან ისაუბრა.

"ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს...რასაც ჩვენ ვისმენთ, რა მესიჯებიც ვრცელდება, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. დამოკიდებულება რაც არის და გვეუბნებიან, თეთრზე უნდა ვთქვათ შავი, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ე.წ. ჩვენი მეგობრები გამოდიან, გვარებს არ დავასახელებ, და თითქოს, სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, ქვეყანა არ მიიღებს სტატუსს, გვეუბნებიან იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქველმოქმედებით იყო დაკავებული, გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია", - განაცხადა მან.

დღეს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალების მიზნით თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს.

შესწორების ნაწილში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარები პარტნიორებს მოუწოდებენ, მისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.  მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი".

ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.


close დახურვა