თბილისის მერი, კახა კალაძე იმეორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარატივს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში შევარდა.
"სამწუხაროდ, არსებობს ამის კადრები, როცა ლევან ხაბეიშვილი გარბის, პოლიციის კორდონში შევარდა და იქ რა მოხდა... ალბათ, ფიზიკურადაც გაუსწორდა რომელიმეს", - თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.
დაზარალებულებს შორისაა დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. როგორც ის ამბობს, პოლიციის დაჭერისგან მოქალაქის გადარჩენა უნდოდა, რა დროსაც დააკავეს. დეპუტატი სასტიკადაა ნაცემი, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.