თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო თვითმფრინავით პირადი მიზნებისთვის თავადაც ხშირად უსარგებლია, თუმცა პირადი ხარჯით. ამის შესახებ მან TV პირველის ჟურნალისტს განუცხადა.
ჟურნალისტის თქმით, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ ეს საოჯახო და პირადი ხარჯი იყო, რაზეც კალაძე ამბობს:
"არ მახსოვს ზეპირად, თუმცა ძალიან ხშირად მისარგებლია არა მხოლოდ სამთავრობო... [...] რა თქმა უნდა, ეს იყო პირადი დაინტერესება და პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი იყო ეს. ყველაფერი არის აღწერილი დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით და მეორეს გეტყვით, ასევე, ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვას გადაუხდია და უბრალოდ გავყოლილვარ".
კითხვაზე, იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა სამთავრობო თვითმფრინავით დუბაიში წასვლა, მერი აღნიშნავს, რომ იყო.
"გადაუდებელი აუცილებლობა იყო, კი, კი [...] თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, სადაც კახა კალაძეს ბიუჯეტით უსარგებლია. თქვენ მაბრალებთ ამას და თქვენ თვითონ უნდა დაადასტუროთ თქვენი სიმართლე. ეს იყო ჩემი პირადი ხარჯი", - აცხადებს კალაძე.
საუბრის ეს მონაკვეთი კალაძემ ფეისბუქგვერდზე თავად გაავრცელა წარწერით: "მოკითხვა სიცრუის დედოფალს".
როგორც ცნობილია, რომ ხვალ TV პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათში ახალი საგამოძიებო სიუჟეტი გავა, სადაც საუბარი იქნება სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებით გამოყენებაზე.
***
9 სექტემბერს, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
როგორც გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.
ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.