logo
ENG



კალაძე აზიმუტზე: დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია

16 მაი 202313:33
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე აზიმუტზე: დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ოკუპირებული ტერიტორიები ამოიღო, რაც "ძალიან კარგია". იგი ირწმუნება, რომ სანქცირებული კომპანიები საქართველოში ფრენას ვერ შეძლებენ.

"ხვალ, მე მგონი, უკვე იწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ვისაც ამის სურვილი აქვს, გამგზავრება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერც ერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს. ის კონკრეტული ფაქტი რაზეც საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვენებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა კალაძემ.

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" საქართველოში ფრენებს 17 მაისიდან განახორციელებს. კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. ამასთან, აღნიშნული კომპანია უკრაინის მიერ არის სანქცირებული. 

სანქცირებულთა სიაში ასევე კომპანიის სამივე დამფუძნებელი მოხვდა - ვიტალი ვანცევიპაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა