logo
ENG



კალაძე ბინას ჩუქნის კაცს, რომლის ფოტოც, შვილთან ერთად, სახლების ნგრევის ადგილიდან გავრცელდა

16 დეკ 202001:49
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/16/rjna92w6ggx1s18.png

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ის ბინას ჩუქნის კაცს, რომლის ფოტოც, შვილთან ერთად, სახლების ნგრევის ადგილიდან გავრცელდა. ამის შესახებ კალაძემ Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, არასდროს უნდა ჩაცდე ზღვარს და ანტიპიარისთვის ბავშვები არ უნდა გამოიყენო.

"ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე. უბრალოდ, ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო. მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა, მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

"მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს. ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი, ამჯერად, ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს, ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი", - წერს კალაძე.

დედაქალაქის მერიამ გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. 

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს. როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

სახლების ნგრევის ადგილიდან Facebook-ზე გავრცელდა მამა-შვილის ფოტოც, რომელიც საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს უყურებენ.


close დახურვა