logo
ENG



კალაძე გრიგორიადისზე: შემსრულებელია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვინ იყო ორგანიზატორი

03 აპრ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/qtxd923orj41bf2.jpg

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი "შემსრულებელი" იყო, ხოლო გამოძიება იმით უნდა დაინტერესდეს, ამას ორგანიზება ვინ გაუწია. დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამაც ისაუბრა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მარტის აქციების უკან გამოიკვეთებიან, პასუხისგებაში მიეცემიან.

"მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე, უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, ვინ იყო, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი, მან შეასრულა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს და რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვინ იყო ორგანიზატორი", - აცხადებს კალაძე.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა