logo
ENG



კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე: გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს

24 ნოე 202223:26
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე: გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიებას კონკრეტული პასუხები ჯერ არ აქვს.

„რაც შეეხება გამოძიებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს. კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია ეს უბედურება, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა ან ვთქვათ შეიძლება რაღაცა აკლდა, რაღაცა იყო გასაკეთებელი.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით თბილისის მერიამ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი ისევე როგორც სხვა პროექტები მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა და მისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი და მისი გუნდის მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კერძო კომპანიების მიმართ სამშენებლო სამუშაოებში უსაფრთხოების დაცვაა. თბილისის მერი ამბობს, რომ ამის შედეგად „2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც კი თმა არ ჩამოვარდნია ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება“.

„გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ. ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი, უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყოველთვის ამაზე არის საუბარი, მოთხოვნები რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება იქ მომუშავე ადამიანების, ზოგადად პროექტის განხორციელების დროს. თუ დააკვირდებით, 2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც კი თმა არ ჩამოვარდნია ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა. 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს - მათ პატიმრობაც შეეფარდათ. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა