logo
ENG



კალაძე მელიაზე: მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში

11 თებ 202111:52
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე მელიაზე: მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში

კახა კალაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას თავისუფლება ან პატიმრობა თავად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული.

როგორც ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი განმარტავს, ნიკა მელიას მოუწევს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა. მისივე თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერმა 2019 წლის 20 ივნისს დანაშაული ჩაიდინა, რაზეც პასუხი უნდა აგოს. 

„მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ის არ გადაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მოხდება. თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარია. როცა დანაშაული გაქვს და ასეთი მძიმე, გვახსოვს, როგორ მოწოდებები კეთდებოდა და ხელმძღვანელობდა ის პარლამენტში შეჭრას, თუმცა შემდეგ გაიპარა და ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედია, არასდროს განმეორდება", - აცხადებს კალაძე.

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 


close დახურვა