სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ელისაშვილის თქმით, მმართველი გუნდის გენერალური მდივანი ოპოზიციაში გადასვლას აპირებს და ამისთვის შესაბამისი კომუნიკაციები უკვე გამართა.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ელისაშვილმა პირველად გუშინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთა.
"ფორმულასთან" საუბარში კი, ელისაშვილი განმარტავს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა, რომელიც მისივე მტკიცებით, კალაძის მაღალ რეიტინგს უკავშირდება.
„ვიცი ნამდვილად, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია, მაგრამ არა პირდაპირი. გზავნილი არის ის, რომ მას უნდა გადმოხტეს, მომენტს არჩევს და მას უბრალოდ გარანტიები უნდა და ხიდებს აშენებს. ეს იცის ივანიშვილმაც, რადგან ის ყველაზე მეტად თავისიანებს არ ენდობა და თავისიანებს ესმის. კალაძის რეიტინგი თვალებში ეჩხირება. კალაძე არის დამოუკიდებელი მოთამაშე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.