logo
ENG



კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებენ - 300 მიკროავტობუსში მერია 30 მილიონს გადაიხდის

24 ივნ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ. კითხვები მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერმა გააჩინა. მერიამ გადაწყვიტა, რომ კერძო კომპანიას 300 მიკროავტობუსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერით უყიდოს. ტენდერი სატრანსპორტო კომპანიამ 22 ივნისს გამოაცხადა. 300 მიკროავტობუსში მერია 30 მილიონს გადაიხდის.

ამ მსხვილი შესყიდვის პარალელურად თბილისის მერმა პანდემია მოიმიზეზა და ვეფხი და მოყმის სატრანსპორტო კვანძის ტენდერი შეაჩერა. ეს პროექტი მერიას 22 მილიონი უჯდებოდა, 300 მიკროავტობუსის ფასზე ნაკლები. 150 მილიონი ლარით შემცირდა თბილისის ბიუჯეტიც. ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და მხარეებს შორის კონსპირაციულ გარიგებაზე საუბრობს.

მერის გადაწყვეტილება გაუგებარია „ჰაბ ჯორჯიას“ დირექტორისთვისაც. ვასო ურუშაძე კახა კალაძის არასწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს. მისი თქმით, ვეფხისა და მოყმის სატრანსპორტო კვანძი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, მისი დაგვიანებით შესრულება კი  საცობების ქალაქში გადაადგილების პრობლემებს უფრო გაამწვავებს. 

ექსპერტების გარდა, პროექტის დროულად შესრულებას მოითხოვენ მოქალაქეებიც. წინასაარჩევნოდ მათ დაპირდნენ, რომ ადგილზე შუქნიშანს აიღებდნენ და გზაგამტარი გაკეთდებოდა, რაც მიმდებარე ქუჩებს საცობებისგან განმუხტავდა. 

კახა კალაძისთვის, ამჯერად, გზებზე პრიორიტეტული საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მერი ამტკიცებს, რომ კომპანიას ავტოპარკის განახლების სახსრები არ ჰქონდა, რის გამოც ბიუჯეტის ფულით დახმარება შესთავაზა. ერთი პირობით, რომ სამომავლოდ თბილისის მიკროავტობუსების კომპანია ამ თანხას 2022 წლამდე გამოისყიდდა. 

კერძო კომპანია  2 000-მდე მიკროავტობუსი ჰყავს, პროექტით კი მხოლოდ 300-ს შეისყიდიან. სატრანსპორტო კომპანიაში ამტკიცებენ, რომ 30 მილიონის ბიუჯეტისთვის უკან დაბრუნებას შეძლებენ, თუმცა როგორ დეტალები უცნობია. 

უცნობია, კიდევ რომელი პროექტების განხორციელება შეჩერდება პანდემიის მიზეზით. მერიაში დაკორექტირებულ ბიუჯეტს ელოდებიან. პანდემიას აბრალებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ვადების დარღვევასაც. მერმა პროექტი ისევ ვერ გვაჩვენა თუმცა თქვა, რომ სამუშაოებს აგვისტოს ბოლოს დაასრულებენ. 


close დახურვა