logo
ENG



კალაძის 40-მილიონიანი ქონება და 24-გვერდიანი დეკლარაცია - შაბათის ფორმულა

12 თებ 202221:10
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერის 2022 წლის იანვარში შევსებული 24-გვეერდიანი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძის შემოსავლები ბევრად ნაკლებია ვიდრე მისი ყოვედღიური ხარჯები. 

თბილისის მერმა მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში 47 000 ლარამდე გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კალაძის უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება 40 მილიონს აჭარბებს. 

პორშე 911, ტესლა მოდელი სამი, სმარტ ბრაბუსი, ტოიოტა ქემრი, მოტოსატრანსპორტო საშუალება - მავერიკი და ჰარლი დევიდსონი. მხოლოდ 2021 წელს კალაძემ საკუთარი ავტოპარკის გასაახლებლად 200 000 დოლარზე მეტი დახარჯა.

ასევე ირკვევა, რომ კალაძეს სქაილაინ რეზიდენსში 200 კვადრატულზე მეტი ფართობის ორი ბინა და 3 ავტოფარეხი აქვს ნაყიდი. მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინებსა და ავტოფარეხებში კალაძემ დაახლოებით 2 მილიონი ლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელობისას დაგროვებული თანხა, სამ სხვადასხვა ანგარიშზე დღემდე ხელუხლებლად უდევს.

გარდა ამის, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე ბინა, ჯამში 396 კვადრატული მეტრი, მერისთვის 2012 წელს უჩუქებიათ, თუმცა მჩუქებლის ვინაობა კალაძემ არ გაამხილა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე 1060 კვადრატული მეტრი მიწა - თბილისის მერს 2012 წელს აჩუქეს. თუმცა ვინ - ამჯერადაც უცნობია. იმავე წელს, თავად კალაძემ 298 000 დოლარად, 1139 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა და ნაჩუქარ ნაკვეთს მიუმატა. ჯამში კი მიიღო 3 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობა - საზაფხულო, სამეურნეო და ავტოსადგომებისთვის განკუთვნილი ფართებით.

ნაჩუქარი ბინების კვალი სამტრედიასა და უკრაინამდეც კი მიდის. დეკლარაციის მიხედვით, კიევში კალაძე ჯამში 850 000 დოლარის ღირებულების მქონე 2 ბინას ფლობს, რომლებსაც შემოსავლის მიღების მიზნით აქირავებს.

"არსად არის მითითებული, რომ კალაძე უკრაინას რაიმე გადასახადებს უხდის. უკრაინაში ბინები თუ გაქვს გაქირავებული, გადასახადები უნდა გადაიხადო. ასევე არის მაგალითად უკრაინაში გაყიდული მიწის ნაკვეთი. ეს არის 3000 კვ.მ, რომელსაც ფლობს 2004 წლიდან და მიუთითებს, რომ გაყიდა 2 მილიონ დოლარად. ეს 2 მილიონი დოლარი სამ ტრანშად მიიღო ფაქტობრივად, მაგრამ როდესაც საიტზე შევალთ და იმ ტერიტორიას ვნახავთ, რა ფასებში იყიდება მიწის ნაკვეთები, არარეალური ფასია.

არცერთი კომპანია აღარ დარჩა კალაძეს, საიდანაც იღებს შემოსავალს. ბიზნესიდან შემოსავალი არის 0, ანგარიშებზე რა თანხებიც იყო, ისევ ის თანხები არის. გარკვეული შემოსავლები ერთმანეთს აბალანსებს, მაგალითად გაყიდის G კლასის მერსედესს და იყიდის პორშეს. გაყიდის ერთ უძრავ ქონებას, იყიდის მეორეს - ეს გასაგებია, მაგრამ საიდან ეს დანარჩენი შემოსავალი. თუ კარგად ჩავხედავთ დეკლარაციას, ვნახავთ, რომ გასავალი საკმაოდ დიდი აქვს კალაძეს და შემოსავალი არ არის მაგდენი - მარტივი ბალანსია", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ბესო დონაძე. 


close დახურვა