logo
ENG



კალიურანდი სუს-ის ფაილებზე: ჯაშუშობა და მოსმენა არ არის დემოკრატიული

16 სექ 202122:20
3 წუთის საკითხავი
 
კალიურანდი სუს-ის ფაილებზე: ჯაშუშობა და მოსმენა არ არის დემოკრატიული

ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ფორმულასთან ინტერვიუში პირველად საუბრობს გავრცელებული ჩანაწერების შესახებ და ამბობს, რომ "ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის".

კალიურანდი სუს-დან ფაილების სავარაუდო გაჟოვნის შემდეგ პირველად ეხმაურება მომხდარს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების რეაგირება შესაბამისი იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს საკითხი, ჩანაწერების საკითხი, რომლებმაც გაჟონა, გუშინ განვიხილეთ ევროპარლამენტში, როდესაც გამოყენებული იყო ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგ. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. 

მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე ამ ჩანაწერების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო: ჯაშუშობა და მოსმენა - ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელობის, მმართველი პარტიის - ეს არ არის დემოკრატიული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის", - განაცხადა კალიურანდმა.

 

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა