logo
ENG



კალიფორნიელი ექიმის თქმით, სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს

09 იან 202312:57
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოწმის სახით კალიფორნიელ ექიმს შაჰინ ლახანიას კითხავენ.

ექიმმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად ავადაა".

მისი თქმით, სააკაშვილს აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის ყველაზე მძიმეა დემენცია, რომელიც მას აქვს. ასევე, მისი თქმით, სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს. 

"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის ეს არის თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე კრუნჩხვები. ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ასევე მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები იმათ შორის, რომელიც მას აქვს", - თქვა ექიმმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომას, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ, ექსპრეზიდენტი ვერც დისტანციურად, ვერც ფიზიკურად ესწრება.

კლინიკა ვივა მედის ადმინისტრაციამ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილების ნებართვა არ გასცა.

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

***

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

 


close დახურვა